საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში. ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ექსპერტიზას და რჩევებს, ცოდნის ამაღლებას უსაფრთხოების საკითხებზე; ტრენინგებს ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე; პროგრამებს და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ტექნიკური უნარების ამაღლება, უსაფრთხოების სექტორის მართვა, ზედამხედველობა, კეთილსინდისიერების განმტკიცება. საერთაშორისო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნორმების და სტანდარტების დადგენაში, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ საკომუნიკაციო არხს მთავრობებს და საზოგადოებებს შორის, ერებს შორის, და სხვა საერთაშორისო სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში.
არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციის ერთი და ცალსახა განმარტება. საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს. OECD-ის სტატისტიკური ტერმინების ლექსიკონში საერთაშორისო ორგანიზაცია განსაზღვრულია როგორც “სუბიექტი რომელიც შექმნილია მისი წევრების ფორმალური პოლიტიკური შეთანხმებით, რომელსაც აქვს საერთაშორისო პაქტის სტატუსი; მათ შექმნას ცნობს წევრი ქვეყნების კანონმდებლობა, თუმცა ისინი არ ითვლებიან იმ ქვეყნების ინსტიტუტებად, საიდანაც ისინი ფუნქციონირებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები გააქტიურდნენ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში 90-იან წლებში, როდესაც აშკარა გახდა, რომ განვითარებაზე მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ კონტექსტში, არ შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო დაბალი უსაფრთხოების გარემოში. უსაფრთხოების მართვა ამ პერიოდიდან გახდა ინსტიტუციური მშენებელობის, მმართველობის, განვითარების და რეკონსტრუქციის პროექტების განუყოფელი ნაწილი. ამასთან, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა აუცილებელი პირობა გახდა ისეთ ინსტიტუტებთან პარტნიორიბის და წევრობისთვის, როგორიცაა ნატო და ევროსაბჭო.
ამ წლებიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებულ საქმიანობასა და პროექტებში, განსაკუთრებით კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში.